logo
ENG



"რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს" - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა

09 თებ 202222:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/09/oghhpsufqj1ebq3.jpg

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი უკრაინის საკითხის განსახილველად მოსკოვში ჩავიდა. ტრასი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.

"მოსკოვში ვარ, რათა შევხვდე სერგეი ლავროვს და ცხადი გავხადო, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს ჯარები და პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული შედეგები ელის.

ნებისმიერი შეჭრა დიდი შეცდომა იქნებოდა. დიპლომატია - ერთადერთი გზაა წინ და რუსეთმა ამ გზით უნდა იაროს", - წერს ტრასი ტვიტერზე. 

გასული წლის ნოემბრიდან რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ამას თავდაცვისთვის აკეთებს, თუმცა დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

რუსეთი ამტკიცებს, რომ NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოება და კერძოდ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება, მათ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ამიტომაც მოითხოვს, რომ NATO-მ უარი თქვას გაფართოებაზე და ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილებაზე, ამასთან, ჯარები გაიყვანოს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც 1997 წლიდან გახდნენ ალიანსის წევრები.

მოსკოვის მოთხოვნების საპასუხოდ აშშ აცხადებს, რომ NATO-ში ახალი წევრების მიღება რუსეთის გადასაწყვეტი არაა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს გაატარებენ, რომელიც მძიმედ დაარტყამს ეკონომიკას. მკაცრი სანქციების გატარებას იზიარებენ ევროპის რიგი ქვეყნები. 

რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად აშშ-მ და რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ უკრაინას სამხედრო დახმარება გაუგზავნეს. აშშ-მ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი ევროპის აღმოსავლეთით გადაისროლა.


close დახურვა